Wednesday, April 23, 2008

JEFF HEALEY

1966 - 2008

image ბლუზის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუსიკოსი Jeff Healey, ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელიც იყო. შესაძლოა მეჩვენება, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, რატომ უყურებდნენ მას ასე ზერელედ. დარწმუნებული ვარ, რომ ის გაცილებით მეტ აღიარებას იმსახურებდა. საბოლოოდ კი რა გამოდის? ჯეფ ჰილის ხსენებაზე უმრავლესობას მხოლოდ მისი გიტარის ჭერის არატრადიციული მანერა

ახსენდება და არა დაკვრის ხარისხი. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჰილის ‘გემრიელი’ სოლოები და ვოკალი პირველი მოსმენისთანავე სასიამოვნოდ მომხვდა ყურში და დღეს მას თავისუფლად ვაყენებ ბლუზ-როკ მუსიკოსების საუკეთესო ხუთეულში. ერთადერთი მინუსი მის რეპერტუარში ორიგინალური მასალის ნაკლებობა იყო. ჰილი ძირითადად ტრადიციულ თემებსა და სხვა ცნობილი მუსიკოსების მიერ დაწერილ სიმღერებს უკრავდა, მაგრამ როგორ უკრავდა! `ბიტლების~ ‘While My Guitar Gently Weeps’ როკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ქავერია. პირადად მე ამ ვერსიას თამამად დავაყენებდი ჯიმი ჰენდრიქსის მიერ გადამღერებული ბობ დილანის ცნობილი სიმღერის ‘All Along The Watchtower’’-ის გვერდით.

ჯეფ ჰილი კიდევ ერთმა ლეგენდარულმა მუსიკოსმა სტივი რეი ვოენმა აღმოაჩინა – მგონი კანადის რომელიღაც ღამის კლუბში. შემდეგ მათ ერთად დაუკრეს, შემდეგ კი ჰილიმ თავისი პირველი ამერიკული ალბომი გამოსცა – See The Light, რასაც პირველი ჰიტიც მოჰყვა – Angel Eyes.ეს image

 იყო საკმაოდ კომერციული სიმღერა, რომელშიც აქცენტი უფრო მელოდიაზე გაკეთდა, ვიდრე ჰილის სოლოებზე. სამაგიეროდ შემდეგი დისკი – Hell To Pay უკვე ნამდვილი ბლუზ-როკ შედევრია. აქ ჰილის რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი დაეხმარა, მათ შორის ჯორჯ ჰარისონი და მარკ ნოპფლერი. ამ უკანასნელმა სპეციალურად ამ ალბომისთვის სიმღერაც დაწერა ‘I Think I Love You Too Much’. ბიტლების ‘‘While My Guitar Gently Weeps’ უკვე ვახსენე და კიდევ ერთ ძალიან ლამაზ ბალადას გამოვყოფდი - ‘How Long Can A Man Be Strong’.

image ამას რამდენიმე ბლუზ-როკ ალბომი მოჰყვა და შემდეგ ჯეფ ჰილის კიდევ ერთმა გატაცებამ იჩინა თავი. ეს ტრადიციული ჯაზია. აღმოჩნდა, რომ ჰილი საყვირზეც უკრავს და რამდენიმე წლის განმავლობაში მან ამ მიმართულებითაც გამოსცადა საკუთარი ძალები. 2007 წელს კი გამოსცა ალბომი სახელწოდებით Adventures In Jazzland.

 გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჰილი კვლავ იმას დაუბრუნდა, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ალბომი Mess Of Blues 2008 წლის მარტში გამოვიდა, ჰილის სიკვდილიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ. სენტიმენტალური გრძნობები რომ გვერდზე გადავდოთ და პრაგმატულად ვიმსჯელოთ, დისკი უფრო ჯეფ ჰილის სოლოებით არის საინტერესო, ვიდრე არჩეული მასალით.

ტრადიციული თემები პლიუს რამდენიმე ქავერი – ეს არის და ეს. და მაინც: ჰილი ძალიან მაგარი მუსიკოსი იყო. შესაძლოა ამ პატარა სტატიაში ზოგიერთი ჩემი მოსაზრება ცოტა გადამეტებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. მე ჯეფ ჰილი ძალიან მიყვარს და ვფიქრობ მისი გარდაცვალებით თანამედროვე მუსიკამ ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელი დაკარგა.

რამაზ ხატიაშვილი

1 comment:

m i r a m a x said...

რამაზ, შენ ის რამაზი ხარ, რადიო უცნობის დილიდ ეთერში რომ ზიხარ და აგრე სასწაულად რომ გვაღვიძებ? :)